ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის ფარგლებში დაბა ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს. ქართველი ინსტრუქტორები ნატო-ს წევრი და არაწევრი რვა ქვეყნის 33 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევებში წვრთნიან. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად, აშშ-დან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილ ჯარისკაცებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ასწავლიან. კურსი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.