ცესკო-ში საარჩევნო სარჩელების განხილვა გრძელდება. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საარჩევნო კომისიის წევრების კითხვებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი პასუხობდა. ორგანიზაცია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მსგავსად, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს და მიზეზად ხმის ფარულობის დარღვევას ასახელებს. კომისიის წევრებმა ასოციაციის იურისტს მტკიცებულებების წარდგენა სთხოვეს, მათ შორის მის პირად მაგალითზეც – რითი დაამტკიცებდა, რომ მისი ხმის მიცემის უფლება დაირღვა. ტატა ჭანკვეტაძის პასუხებზე დაყრდნობით კი კომისიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მტკიცებულებების გარეშე არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია. საია-ს წარმომადგენელს ასევე მოუხდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ არ დაწერა საია-ს 600-მა დამკვირვებელმა არჩევნების დღეს ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრები. დილიდან კი განხილვები პერიოდულად ხმაურისა და ხმამაღალი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზიდან გააძევეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ლაშა ფარულავა. დღესვე ცესკო-ს წევრებმა საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.