ხმაურიანად დაიწყო იმ სამუშაო ჯგუფის მუშაობა, რომელმაც ევროკომისიის მეორე პუნქტი უნდა შეასრულოს. საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის მიზნით შექმნილი ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, „სამართლიანი არჩევნების“ არმიწვევა პროტესტისა და ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი მწვავე განცხადებებით ასაბუთებს და ორგანიზაციას პოლიტიკურ მიკერძოებაში სდებს ბრალს. იგულისხმება ივნისის აქციების დროს მთავრობის მიმართ დაყენებული მოთხოვნები. არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის, მათ შორის საიასთვის, რომელმაც სამუშაო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. თავს განსხვავებული აზრის გამო დაბლოკილად მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნებიც“, რომელსაც ხელისუფლებასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარალელური დათვლებისას დაშვებული შეცდომის გამო დაეძაბა. მაშინ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მძიმე ბრალდებების სამიზნედ იქცა.