ვაშინგტონის და ევროკავშირის ქვეყნების მკაცრი გზავნილები და ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მმართველი გუნდის მხრიდან გარე ჩარევებად ცხადდება.
ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯების და რიტორიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ელოდება. არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობა, თუ სტრატეგიული პარტნიორის მიმართ გაცემული რეკომენდაციები – დასავლეთიდან გაკეთებული უმძიმესი განცხადებები და ზოგიერთ შემთხვევაში მუქარის შემცველი ტონი თბილისში სხვადასხვანაირად იკითხება. ის, რაც სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაა „ქართული ოცნებისთვის“, ბუნებრივ საპასუხო რეაქციად აღიქმება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები აშშ-დან ახალი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას ელიან.