საარჩევნო ბარიერის საკითხი

საარჩევნო ბარიერის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში ისევ აქტუალურია. ოპოზიციის ნაწილი ბარიერის დაწევას ითხოვს და აცხადებს, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რადგან იმ პოლიტიკური სუბიექტების ხმებს, რომლებიც ხუთპროცენტიანი ბარიერს ვერ გადალახავენ, „ქართული ოცნება“ წაიღებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათ ბარიერის პრობლემა არ აქვთ, მათი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა და „ნაციონალური მოძრაობა“ 55 პროცენტის აღებას გეგმავს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ბარიერთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბარიერის საკითხი არ გადაიხედება, „ქართულ ოცნებას“ არგუმენტად სხვა ქვეყნების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი მოქმედებს და ეს ევროპული პრაქტიკა საქართველოშიც უნდა განხორციელდეს.