ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური დღის წესრიგში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს კიდევ ერთხელ ააქტიურებს.
მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, თუ „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური მომავალი და მრავალპარტიული პარლამენტი რეალურად სურს საარჩევნო ბარიერი 5%-იდან მინიმუმ 2%-მდე უნდა დაწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოების განწყობები სრულად არ აისახება. საარჩევნო ბარიერის დაწევას საჯაროდ ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, თუმცა იდეა მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის მათ შორის ერთიანი „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ მისაღებია. საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია, რადგან დაბალ ბარიერს არანაირი დადებითი პოლიტიკური შედეგი არ მოუტანია – ასე პასუხობს მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას და აქცენტს ოპონენტების პრობლემებზე აკეთებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური რისკების დამაბალანსებელი იქნება, რადგან მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბლოკების გარეშე სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. შესაბამისად „ქართული ოცნება“ ბარიერის საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.