საარჩევნო ბარიერი არ იცვლება

გადაწყვეტილება მიღებულია – ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, საარჩევნო ბარიერი არ დაიწევს.

მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ერთი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აღარ დაუბრუნდება. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სტაბილურობის არგუმენტით ხსნის და პოზიციას 2020 წლის არჩევნების გამოცდილებითაც ამყარებს. ბარიერის არ დაწევა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლებას მრავალპარტიული პარლამენტი არ სურს. ბარიერის გარშემო დაპირისპირებამ პოლიტიკური რეიტინგების თემა და ბოლო სოციოლოგიური კვლევები კიდევ ერთხელ გაააქტიურა. იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ოპოზიციას დიდი ალბათობით ალიანსების ფორმირება და გადაჯგუფება მოუწევს.