წლის მთავარი დღესასწაულის მოლოდინი კულმინაციას უახლოვდება რუსთავში, სადაც თავისუფლების მოედანზე მოწყობილ საახალწლო ქალაქში, ღონისძიებები 16 დეკემბრიდან თითქმის ყოველ საღამოს იმართება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერის ღამეს, ათწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალაკონცერტით პირველად შეხვდება.
დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე მოწყობილია რუსთავის მთავარ მოედანზე, სადაც ახალი წლის ღამეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ჯგუფი „რეგიონი“, ანსამბლი „ერისიონი“, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები მიულოცავენ რუსთაველებს 2024 წლის დადგომას.
რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, საახალწლო კონცერტის დასრულებამდე, შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.