სააკაშვილის სასამართლო - 7 ნოემბრის საქმის განხილვა

ხმაურიანი სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე, – მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვამ სიტყვიერი დაპირისპირების და საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

განსაკუთრებით აქტიურობდა გიგი უგულავა, რომელიც 7 ნოემბრის აქციის და „იმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტთან და სხვა ექს-მაღალჩინოსნებთან ერთად თავადაც ბრალდებულია. მოსამართლეებთან და პროკურორთან მწვავე დაპირისპირება უგულავას გაძევებით დასრულდა. პროტესტის მიზეზი პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებაა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მიეცა. არგუმენტად შესაძლო დესტრუქცია და ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე დასახელდა, რაც აბსურდად მიაჩნია ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე სააკაშვილის გამოჩენის ეშინია. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები სასამართლოს სუს-ის მიერ მართულად და მოსყიდულად აცხადებენ. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა, რომელიც ექს-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიებად ჰქონდა შეფარდებული, დღეიდან გაუქმებულია.