საქართველოს შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე უკრაინაშიც აღიძრა. სახელმწიფო ღალატი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობა – ეს არის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც დღეს მედიას სააკაშვილის ყოფილმა მეგობარმა, ამჟამად უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გააცნო. საგამოძიებო უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენელთან, მოსკოვში გაქცეულ უკრაინელ ოლიგარქთან საეჭვო კავშირებში ამხელს და უკრაინაში კრემლის პროექტის, „რუსული ზამთრის” ორგანიზებაში ადანაშაულებს. ბრალდების სიმძიმის მიუხედავად, თავდაპირველად საგამოძიებო უწყება სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას არ აპირებდა. თუმცა, დღის ბოლოს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის ქმედებას გაქცევა უწოდა და არ გამორიცხა, რომ შინაპატიმრობის გადაწყვეტილება გადაიხედოს.
რა მტკიცებულებები აქვს მოპოვებული უკრაინის პროკურატურას პოროშენკოს ყოფილი მრჩევლის წინააღმდეგ – ხათუნა გაგნიძე დეტალებით.