მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სამეგრელოდან კონტრაქცია-პერფორმანსით გამოაცილეს „ქართული ოცნების“ წევრებმა. აბაშაში შეკრებილებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერებს ცოცხები დაახვედრეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, კოლონას გზა 30-კაციანმა ჯგუფმა ცოცხებით გადაუკეტა. მისივე განცხადებით, მათ შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე თბილისში წამსვლელ კოლონებს მოქალაქეები კონტრაქციითა და პერფორმანსით დახვდნენ თბილისი-ვაზიანი-თელავის საავტომობილო გზაზე. მათ ცოცხებითა და ყავარჯნებით სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. სირცხვილის კორიდორი მოეწყო გურჯაანშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული აქციები არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ხელწერა.