სააკაშვილის ხარჯებზე თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული ფრენის საკითხის გადაფარვის მცდელობად აფასებს ოპოზიციის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. უწყებამ 2011- 12 – 13 წლებში მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. სამინისტროში გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის არგუმენტით განმარტეს. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებებს „ჯორჯიან ეარვეისთან“. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გრიფი უკვე ორ ხელშეკრულებას მოეხსნა, სერვისში გადახდილი თანხის ოდენობა კი 14 მილიონ ლარამდეა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საკითხავია, რატომ აკეთებს ამას თავდაცვის სამინისტრო ახლა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპონენტი პოლიტიკოსები, რომლებიც შვებულებაში მყოფი პრემიერის ფრენაზე აპელირებენ, თავად სარგებლობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ფრენებით.