მმართველი გუნდის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა საქართველოში მთავარ ანტიდასავლურ ძალად რჩება, – ასე აფასებს მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებებს, რომელიც მან ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გააკეთა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის ჰოლანდიელ დეპუტატს რუსეთის აგენტად მოიხსენიებს, საგანგაშოა. თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის ეს სიტყვები 31 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო ასამბლეის დადებით დასკვნას მოჰყვა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ მთავარი არა კონკრეტული ადამიანები, არამედ ისაა, თუ რა თქვეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებთან დაკავშირებით. სააკაშვილის შეფასებას ტინი კოქსის შესახებ, ეთანხმება გიგი უგულავა.
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელზე გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის გამო, არჩევნებზე დასაკვირვებლად მხოლოდ ევროსაბჭო ჩამოვიდა. ამ დელეგაციის ხელმძღვანელი ტინი კოქსი კი რუსეთის „ეფესბეს“ აგენტად მოიხსენია.