ალეკო ელისაშვილის შემდეგ „გირჩი“ მეორე პარტიაა, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას გაემიჯნა. „გირჩელები“ ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს მიხეილ სააკაშვილის დავალებებით მოქმედებაში ადანაშაულებენ. ამ კონტექსტში განიხილება ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არ გადახდა და მოსალოდნელი დაკავება. ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდათ პასუხის გაცემა კითხვაზე, რა გავლენა აქვს საერთო ოპოზიციურ სტრატეგიაზე უკრაინის მოქალაქე ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ერთი კვირის წინ მხარდამჭერებს კანონებისა და კოვიდ-შეზღუდვებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო პარტნიორობაზე განმარტებების გაკეთება დასჭირდათ ბაქრაძე-უგულავასაც. კიევში შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მათი ადგილი მომავალ კონფიგურაციაში დაინახა.