შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შესრულდა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივები მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დღეის მდგომარეობით, თუშეთში 23 მუდმივად მცხოვრები მოქალაქეა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა უკვე ექვსი თვეა დაკეტილია, მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასოდ ემსახურება.