სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან. თუ აქამდე კომპანიები მონაწილეობას იღებდნენ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში, ახალი პროგრამა მათ საშუალებას მისცემს ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა სასურველ საერთაშორისო გამოფენაში და სააგენტოსგან ფინანსური დახმარება მიიღონ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს წლის განმავლობაში შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსებისა და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც სააგენტოს წარმომადგენლების აზრით, დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას.