ოკუპაციის სისასტიკის შედეგი და ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.
დილიდან ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას ახდენს იმ უმძიმეს ამბავზე, რომელმაც ყველა მოვლენა გადაფარა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, რომლებიც გადაადგილების უფლების უკანონოდ შეზღუდვის გამო ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსვლას მდინარე ენგურის საშუალებით ცდილობდნენ. სამის ცხედარი მაშველებმა მდინარეში სოფელ შამგონასთან, მეოთხე კი სოფელ ორსანტიასთან იპოვეს. თამაზ ბასლანძის, თამუნა ცატავას, ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას ძებნა ახლობლებმა დღეს დილიდან მას შემდეგ დაიწყეს, რაც არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. უკვე ორი წელია, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილება აკრძალულია და უკანონო შეზღუდვები მოქმედებს.
ტრაგიკულ ფაქტზე ოფიციალური თბილისი მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მომხდარი ტრაგედიის განხილვას ყველა საერთაშირისო ფორმატში გეგმავს.