რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.
ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე კი განმარტავს, რომ პაციენტს ანესთეზიის გაკეთებისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს გული გაუჩერდა. დავით გოგოძე ამბობს, რომ პაციენტს წინასწარ სინჯი გაუკეთდა და მას რეაქცია არ ჰქონია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით.