„რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლომ საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო
სტრასბურგის სასამართლომ საქმის −„რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის წერილშია ნათქვამი. საქმეში ოთხი მომჩივანია: 1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“; შპს „ტელეკომპანია საქართველო“; ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი.
სტრასბურგის სასამართლო თავის წერილში საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამს თითოეულ მომჩივანთან მიმართებით. მოცემულ საქმეზე „რუსთავი 2“ პირველი მომჩივანია და მასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო, სხვებს შორის, განიხილავს საკითხს – შეიძლება თუ არა, კომპანია დაზარალებულად ჩაითვალოს და ამოწურა თუ არა მან შიდა გასაჩივრების გზები, ვიდრე ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.
საქართველოს მთავრობამ მოცემულ კითხვებს 2018 წლის 29 მარტისთვის უნდა უპასუხოს. მთავრობის პასუხები და არგუმენტები მომჩივნებს გადაეგზავნებათ და, სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონტრარგუმენტების წარსადგენად სექციის თავმჯდომარის მიერ რამდენიმეკვირიანი ვადა განესაზღვრებათ.
ყოველივე ამის შემდეგ ევროპული სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობაზე თითოეული მომჩივნის ნაწილში და გადაწყვეტს, რომელ გარემოებებსა და რომელ კონკრეტულ მომჩივანთან უნდა გააგრძელოს საქმის არსებითი განხილვა.