რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ქალაქ პოკროვსკიზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 82 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა. მან ასევე განაცხდა, რომ მეორე დარტყმა რუსეთმა პოკროვსკზე მაშინ მიიტანა, როდესაც ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სამხრეთით მდებარე ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების სამ დასახლებასთან. ამასთან ერთად უკრაინელების შეტევა გრძელდება ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები უახლოეს ხანში ბელგიიდან მიიღებენ გერმანული წარმოების „ლეოპარტ-1“-ის ტიპის ტანკებს. როგორც ცნობილი ხდება 50 ტანკი ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეისყიდა და ახლა უკრაინას გადასცემს. გარიგების მონაწილეები ამ ქვეყანას არ ასახელებენ. თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მიზანია ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაცია. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ემსახურება სახელმწიფოს, ვინც იბრძვის უკრაინისთვის და ვინც იცავს უკრაინას.