რუსეთის საინფორმაციო ომი 

მწვავე პოლიტიკურ კრიზისში გზავნილი მოსკოვიდან, რომელიც პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების ხარისხს კიდევ უფრო ზრდის.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებამ ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება ახალ ფაზაში გადაიყვანა. სერგეი ნარიშკინის უწყება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკის ნეგატიური განწყობების მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს და მიზეზად ვაშინგტონის მოთხოვნების არ შესრულებას ასახელებს. ნახსენებია ევროკავშირიც, რომელსაც მოსკოვის შეფასებით, ახლა ვაშინგტონი ქართული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერისკენ უბიძგებს. მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ ჩიხში შესული მოლაპარაკებების მედიაცია სწორედ ევროკავშირმა აიღო თავის თავზე, რუსეთის მხრიდან მსგავსი ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირების მცდელობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი დისონანსი შეაქვს. რეაქციებიც მწვავეა: ოპოზიცია ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსზე საუბარს ააქტიურებს, მმართველი გუნდისთვის კი ოპონენტების და მოსკოვის რიტორიკა იდენტურია.