მას შემდეგ, რაც პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილებით საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. პირველი რეისის მგზავრებს, რომელიც კომპანია „აზიმუტმა“ მოსკოვიდან შეასრულა, აეროპორტთან შეძახილებითა და საპროტესტო პოსტერებით დახვდნენ, აქციაზე ძირითადად „დროას“ წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქტიურობდნენ.
აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთანაც. პროტესტი დღეს მას შემდეგ გაგრძელდა, რაც სოციალური ქსელითა და მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში სანქცირებული ადამიანები იმყოფებოდნენ. სასტუმროსთან, სადაც აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართებოდა, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიკროავტობუსში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ. შეკრებილებმა მიკროავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. ოჯახი, რომელიც კახეთში ქორწილს გეგმავდა, საქართველოში აღარ იმყოფება, – ეს საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა და მმართველი გუნდი გააკრიტიკა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ის, რაც ბოლო დღეებში აქციებზე ხდება, არის ქსენოფობიური კამპანიის მეოთხე ტალღა და ეს კამპანია წარუმატებელი იქნება. მმართველ გუნდში დღეს ყოფილ ხელისუფლებას ისიც შეახსენეს, რომ აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ პირადად სააკაშვილი ესტუმრა მიხალკოვებს საქართველოში გადახდილ ქორწილში.