პირველად საუკუნის განმავლობაში, რუსეთი საგარეო ვალის დეფოლტის წინაშეა – ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება. მათვე ინფორმაციით, მთავრობამ საერთაშორისო ობლიგაციების გადახდა გასულ კვირას რუბლებში განახორციელა იმის მიუხედავად, რომ დავალიანება დოლარებში იყო დასაფარი. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 4 აპრილამდე რუსეთს 649 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ტრანზაქცია დაბლოკა, რითაც რუსეთს არ მისცა საშუალება, გამოეყენებინა თავისი გაყინული სავალუტო რეზერვები სესხის მომსახურებისთვის. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავენ, თუ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს დეფოლტის გამოცხადებას აიძულებენ. რუსეთს სუვერენული ვალის დეფოლტი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ არ გამოუცხადებია.