ქართველი სერჟანტის გახმაურებულ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მუხლის დარღვევა დაადგინა. 2008 წელს გარდაცვლილი როინ შავაძის ოჯახის სარჩელის განხილვის შემდეგ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის უფლება დაირღვა. სტრასბურგის სასამართლო გამორიცხავს მაშინდელი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვით, შავაძის მიმართ ძალა მისი გაქცევის აღსაკვეთად იყო გამოყენებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავის დროზე ჩატარებული გამოძიების მიკერძოებასა და ხარვეზებზეც მიუთითებს. განზრახ მკვლელობის მუხლით, რეზონანსულ საქმეზე საქართველოში დაწყებული ხელახალი ძიება ახლაც გრძელდება, რის გამოც, შავაძის ოჯახს პრეტენზიები საგამოძიებო უწყების მიმართაც აქვს.