როგორ ხედავს გიორგი გახარია ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციის როლს, რა არგუმენტები აქვს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და როგორია პრემიერის თვალით დანახული საპარლამენტო რესპუბლიკა
საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციით დადგენილი თარიღი დიდი ალბათობით არ გადაიხედება.
მმართველი პარტიის საარჩევნო სია ჯერ ფორმირების პროცესშია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გუნდის დაკომპლექტების დროს ერთ-ერთი ორიენტირი ახალგაზრდების მოძიება იქნება. ოთხი თვით ადრე საარჩევნო პროგნოზები პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გააკეთა. მწვავე იყო გზავნილები ოპოზიციის მისამართით.
მთავრობის მეთაური, ისევე როგორც მთელი მმართველი გუნდი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მეტიც, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს საკუთარი პროგნოზები ციფრებით წარმოადგინა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით 8 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლისთვის დემოკრატიული განვითარების გარდა, ეფექტური მმართველობის შეთავაზება შეუძლია. გიორგი გახარიას განცხადებებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო აქცენტი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე გაკეთდება. პირველი არხის ეთერში პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებზეც ისაუბრა.