როგორ აფასებენ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას ერთი წლის შემდეგ, ვინ ვის პასუხისმგებლობად მიიჩნევს მომხდარს და როგორ შეაფასებს ოქტომბერში ამომრჩეველი 20 ივნისის ღამეს

წინასაარჩევნო პოლიტიკურ ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს მოახლოებული 20 ივნისი.

პირველ არხთან ინტერვიუს დროს პრემიერმა ერთი წლის წინ პარლამენტში და პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღების მცდელობად შეაფასა. განცხადებას უმწვავესი რეაქციები მოჰყვა ოპოზიციური ძალების მხრიდან, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ახლა უკვე პრემიერს მომიტინგეთა მიმართ ძალის არაპროპორციულად გამოყენებაში ადანაშაულებენ. საკუთარ პროტესტს ოპოზიცია ერთი წლის თავზე მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებულ აქციაზე დააფიქსირებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს იმ პირთა დასჯას, რომლებიც მათივე თქმით, რუს დეპუტატ გავრილოვის ჩამოყვანაზე და აქციის მონაწილეთა დაშავებაზე არიან პასუხისმგებელნი. ინფორმაციას, რომ ამ დღეს „ქართული ოცნება“ კონტრაქციას გეგმავს, მმართველი გუნდი ოპონენტების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ამბად აცხადებს.