ოპოზიციური სპექტრი 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ არის, რა კონფიგურაციით წარდგებიან საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებზე. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან „სტრატეგია აღმაშენებელში“. ვაშაძის გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტი ოპოზიციურადაა განწყობილი, რაც მათ გამარჯვებას განაპირობებს. ასე არ ფიქრობენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში, ოპოზიციის ნაწილი ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ მოახერხებს მმართველი გუნდის დამარცხებას, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მცირე პარტიების გაერთიანებაც. სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს „გირჩი“, თუმცა ამ ერთობაში თავის თავს ვერ ხედავს. მათი თქმით, ისინი იქნებიან ალტერნატივა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, რომელიც პოლიტიკაში ძველი სახეებით დაიღალა. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს, ელექტრონული წესით აირჩევს. ეს ისტორიაში პირველი არჩევნები იქნება, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.