შეჩერდა თუ არა აშშ-ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება – კითხვაზე პასუხი უცნობია.
ოფიციალური განმარტება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა. დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის წყაროც არ სახელდება, „მოამბემ“ აშშ-ის საელჩოშიც გადაამოწმა, თუმცა დიპლომატიური მისიისგან წერილობით ბუნდოვანი და ზოგადი პასუხი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკამ საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის დაფინანსება შეაჩერა. მიემართებოდა თუ არა დასახელებული თანხიდან რაიმე ნაწილი ლუგარის ლაბორატორიაზე, საელჩოში არ განმარტავენ.
საკითხი შეფასებების თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრშიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი დასავლეთის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მტრული დამოკიდებულებაა და თუ „ქართული ოცნება“ ურთიერთობის ფორმას არ შეცვლის, ქვეყანა მალე სრულ იზოლაციაში მოექცევა. მმართველ გუნდისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რა დახმარებაზე საუბრობს შტატები, ოპოზიციას კი მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებს.