რეზოლუციის პროექტი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებას მოახდენენ.

დოკუმენტზე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და იურისტებმა იმსჯელეს. საუბარია რეზოლუციის პროექტზე, რომელიც იურისტთა ჯგუფმა მოამზადა და სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის უარყოფითად შეფასებას გულისხმობს. დოკუმენტი სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისიის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა ძირს უთხრის ჭეშმარიტ სამოსამართლო ღირებულებებს, მოსამართლეებში ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების პრაქტიკას, დევნის კრიტიკულ აზრს და მორალურად ანადგურებს სასამართლოს სისტემას.