რეზერვისტები ბორჯომის ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში​ რეზერვისტებიც ერთვებიან. ისინი მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ. პროცესში მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული მონაწილეობს. რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავებას, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგსა და პატრულირებას. 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემულ კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვილი.