რა გეგმა აქვს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქუჩაში გასულ „ნაციონალურ მოძრაობას“, – პარტიის ლიდერი ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად ადრესატები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ერთი დღით თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს და წინასწარ თარიღის შეტყობინებას ჰპირდება. სხვადასხვა ადგილზე პერმანენტული აქციები და მისი გათავისუფლების შემთხვევაში მალევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თანაგუნდელების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის მთავარი მოწოდება და დაპირებაა. საკნიდან გამოტანილ წერილებსა და მიმართვებში არაერთხელ ნახსენებია სიტყვა რევოლუციაც, რაც ხელისუფლებას არწმუნებს, რომ ყოფილი მმართველი პარტია არჩევნებში მარცხის შემდეგ ახლა სწორედ მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის და დესტაბილიზაციისთვის ემზადება. სხვადასხვა შესატყვისით რევოლუცია აქციების რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ლექსიკაშიც ხშირად ისმის. ამ კონტექსტში გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს სუს-ი.