ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის გამო გზები დაიტბორა ქალაქ ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება დენი და შეფერხებაა გაზმომარაგების კუთხითაც. დილიდან დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაშიც. ადიდებული მდინარის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე დაზიანებული დროებითი ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. განახლდა საავტომობილო მოძრაობაც.