ათასობით მოქალაქეს რეფინანსირებაზე მიბმული სესხები ამჯერად არ გაუძვირდა.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. წლის განმავლობაში მაღალი ინფლაციის გამო განაკვეთი რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა, ახლა მსგავსი გადაწყვეტილებისგან სებ-მა რამდენიმე ფაქტორის გამო შეიკავა თავი. მათ შორისაა ინფლაციის შემცირების ტენდენცია, ასევე გამყარებული ლარი და გლობალურ ბაზრებზე გარკვეული პროდუქტების შედარებით გაიაფება. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე ჩამოსვლას ეროვნული ბანკი მომავალი წლის ბოლოსთვის ელოდება. მანამდე კი ფასების დასტაბილურების მიზნით და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ნაწილს სესხებზე კვლავ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა მოუწევს.