უცხოური გავლენის კანონპროექტის განხილვასთან ერთად საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია პროექტის გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები.
რეზონანსული აღმოჩნდა ოფიციალური პარიზის რეაქცია და ქართული მხარის პასუხი. საფრანგეთის საგარეო უწყებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაობიექტურობაზე მიუთითებს. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვისკენ მოუწოდა და მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას სიტყვა ძალადობა ახსენა. ასეთი შეფასება ძალადობის წამახალისებელ გზავნილებს შეიცავს ოფიციალური თბილისისთვის. დიპლომატიური უწყება საფრანგეთს პარიზში დარბეულ მიტინგებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ ქართველი სამართალდამცავები, რამდენიმე ინციდენტის გარდა, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებენ.