რატომ ვერ წარმოადგინა საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ბრალდების მტკიცებულება სამმა მსხვილმა არასამთავრობომ, რა დაადგინა გამოძიებამ და იყო თუ არა მესამე სექტორის წარმომადგენელთა ბრალდება უსაფუძვლო
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალურ განცხადებაზე დაწყებული რეზონანსული გამოძიება შეწყდა.
წელიწადნახევრიანი ძიების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ 2018 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები არ დაბეჭდილა. ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ინგა პავლიაშვილი სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ანონიმურ თანამშრომელზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ამავე სააგენტოს თავმჯდომარეს ყალბი მოწმობების დამზადების ბრძანება ჰქონდა გაცემული, იგეგმებოდა ამომრჩეველთა განახლებული სიის შედგენაც ყალბი მონაცემების შეტანით. თუმცა, ძიების დროს უფლებადამცველებს საკუთარი ინფორმატორის ვინაობა არ დაუსახელებიათ. დანაშაულის ნიშნების არარსებობის და შესაბამისად ძიების შეწყვეტის მიზეზად საგამოძიებო უწყება ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს და მოწმეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასახელებს. ბრალდების ავტორები პროკურატურის უნდობლობას უცხადებენ.