საკანონმდებლო ორგანო, საშემოდგომო სესიაზე, 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტზე იმსჯელებს. მათგან ორი, ბიუროს დღეს წარედგინება. მათ შორის არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტი, რომელშიც პარლამენტი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად და გამოიძიოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტი, ასევე სამართალდამცველების შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები.
კიდევ ერთი დადგენილების პროექტი, რომელსაც დღეს ბიურო განიხილავს, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია, უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი და შეიქმნას გავრილოვის სია. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტიც.