რა განძი გვქონია

ეს სამწუხარო ამბავი 1992 წლის 11 ოქტომბერს თბილისის არც ისე მყუდრო ცენტრში, ადმინისტრაციულ ზონაში მოხდა. ინგოროყვას ქუჩაზე გენიალური მხატვრის, ირაკლი გამრეკელის მემორიალური ბინა გაძარცვეს. როგორც საინფორმაციო წყაროები იტყობინებოდნენ, „მძარცველებმა წაიღეს ექვსი ფერწერული ტილო (მე-16 საუკუნის დიდი იტალიელი მხატვრის, ტინტორენტოს „მსოფლიო წარღვნა“, ნიკო ფიროსმანის „ირმები“და „მირზაანი“, ლადო გუდიაშვილის პარიზული პერიოდის „მწვანე ფერიები“, მის მიერვე შესრულებული ელენე ვაჩნაძე-გამრეკელის პორტრეტი, ირაკლი გამრეკელის „მოცეკვავე სალომეა“) და სხვა ძვირფასი ნივთები“. ამ ფაქტიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ შევხვდი მემორიალური სახლის დიასახლისს, ირაკლი გამრეკელის მეუღლეს, ქალბატონ ელენე ვაჩნაძეს. ჩემი ვიზიტის მიზანი რაიმე სიახლის შეტყობა იყო და თან ის „სხვა ძვირფასი ნივთებიც“ მაინტერესებდა.

ახალი, რა თქმა უნდა არაფერი იყო. ოთხმოც წელს მიტანებული ქალბატონი ცდილობდა სრული გაგებით მოჰკიდებოდა მაშინდელ საომარ ვითარებაში ამ არამარტო მისთვის შემზარავ დუმილს.  თან არ უნდოდა იმედი საბოლოოდ გადაეწურა. ბოლოს და ბოლოს, მთელი ეს ქონება იმ კეთილშობილ ქალბატონს ისევ ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის უნდოდა – ერთი წლის შემდეგ,  ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 100 წლისთავზე, ქალაქისათვის უნდა გადაეცა საჩუქრად.

– ვერ წარმოიდგენთ, ყოველივე ეს დღემდე რა წვალებით მოვიტანე. ამ სახლში 1933 წლიდან ვცხოვრობდით. ირაკლი გამრეკელის სიცოცხლეში სამუზეუმო ექსპოზიცია, როგორც ასეთი, არ გვქონია. ოცდაათი წლის ასაკში დავქვრივდი და მას შემდეგ ერთადერთ მიზნად ირაკლის სახელისა და სულის, მისი სამყაროს, მისეული ატმოსფეროს შენარჩუნება დავისახე. ფული არ მქონდა. ირაკლის ნაჩუქარი ბრილიანტის უძვირფასესი საყურეები მოვიხსენი და გავყიდე. იმ თანხით ჩარჩოები და მუზეუმისათვის საჭირო სხვა აქსესუარები შევიძინე. ჩარჩოებს საგანგებოდ ვარჩევდი. მომწვანო ფერის მინებს ვერიდებოდი, რომ ნახატებისათვის ბუნებრივი ფერი არ შემეცვალა. ეჰ, შვილო, კაპიკი არავისთვის მითხოვია. ყველაფერს ვიკლებდი, თითქმის ვშიმშილობდი, რომ ირაკლის მუზეუმს არაფერი დაჰკლებოდა. რომ მეკითხებით, ასე დაუცველი როგორ იყო იქაურობაო, ეხლა კი გაუკეთეს ფანჯრებს რკინის გისოსები. აქამდე ისინი ჩემი ქალაქის, ჩემი ქუჩის სირცხვილად მიმაჩნდა. სამოცი წელია ამ სახლში ვცხოვრობ და ჩვენს ქუჩაზე ეს პირველი ქურდობაა…

რაც შეეხება თავად „დეტექტურ სიუჟეტს“:  ქალბატონი ელენე იგონებდა, რომ იმ დღეს კარი საფოსტო ყუთის გასაცლელად გააღო. კარზევე მიმაგრებული ყუთიდან გაზეთები ამოიღო და უკნიდან თავს ხუთი შეიარაღებული „ვაჟკაცი“ წამოადგა.

 – ქალბატონო,  არ შეგეშინდეთ, ქართველები ვართ, ხელს არ გახლებთო, უთხრეს. მოხუცი ქალი ბინაში შეიძღოლეს და აღნიშნულ სურათებს პირდაპირ მიადგნენ (რაც, ალბათ, იმაზე მეტყველებს, რომ „სტუმრები“ წინდაწინვე იყვნენ „დამუშავებული“). საგულისხმოა ისიც, რომ ქალბატონ ელენეს გუდიაშვილისეული პორტრეტის გვერდით მისი კიდევ ორი პორტრეტი ეკიდა ბაჟბეუქ-მელიქოვის მიერ შესრულებული. მძარცველებმა ისინი დატოვეს, რაც მათს მაინც და მაინც დახვეწილ გემოვნებაზე არ უნდა მიანიშნებდეს. ირაკლი გამრეკელის ორი ესკიზი („ლამარა“, „ოტელო“) ჩარჩოებიდან ვერ გამოიღეს და თავი დაანებეს. დატოვეს აგრეთვე აბაჟურიანი ფაიფურის უმშვენიერესი ლარნაკი და კანდელაბრები, რომლებიც მოცულობისა და სიმძიის გამო წასაღებად მოუხერხებელი აღმოჩნდა. ქალბატონი ელენე იმასაც იგონებს, რომ მანამდე მთელი სამი დღე ფანჯრების წინ უნომრო ავტომანქანა იდგა, რომელშიც 5 კაცი იჯდა. თურმე ბინას უთვალთვალებდნენ…

ფიროსანი – „ირმები“

რაც შეეხება  იმ „და სხვა ძვირფას ნივთებს“, მით უფრო, რომ თითოეულ მათგანს მატერიალური ღირებულების გარდა არანაკლებ ძვირფასი ბიოგრაფიაც გააჩნდა.

როცა მძარცველებმა ფერწერული ნადავლი გადაილაგეს, დანარჩენ ნივთებსაც მოავლეს თვალი. ბუხრიდან სევრის უძვირფასესი ფაიფურის ლამპა და კანდელაბრები, კომოდიდან კი ბატენის დიდი ლარნაკი აიღეს. როიალზე მდგარი დანიური ფაიფურის ლარნაკიდან ყვავილები მოისროლეს, წყალი კუთხეში მიასხეს და ლარნაკი ნადავლს მიუმატეს. პეტრე პირველის ნაქონი ფაიფურის მოოქროვილი დოქიც მოეწონათ („იმ დოქით სტუმრებისათვის ღვინის მირთმევა მიყვარდა. სამი ბოთლი ღვინო ჩადიოდა. გოგლა ლეონიძე, ჩინებული თამადა, მეგობრებში თავს იწონებდა პეტრესეული დოქიდან ზაქივით შევსვიო“…), ბრინჯაოს ორი საფერფლე და ვერცხლის კოვზებიც მოუვიდათ თვალში. კალისტრატე ცინცაძის მიერ 1944 წელს ნაჩუქარი ვერცხლის ქართული ხატიც წმინდა ელენესა და კონსტანტინეს გამოსახულებით. წაიღეს აგრეთვე ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ვერცხლის ხატიც ზომით 30X30 („ეს ხატი კიევში დიდი თეატრის გასტროლებისას შევიძინე. მახსოვს მე და ივან კოზლოვსკი დილით სასტუმროს წინ ბაღში გამოვედით. კოზლოვსკის ვიღაც მოხუცი მიუახლოვდა, იცნო დიდი მომღერალი და ხატი შესთავაზა ძალიან იაფად. თუ შეიძენთ, დიდ პატივს დამდებთო. კოზლოვსკიმ იუარა – სახლში ასოცდარვა ხატი მაქვსო და მე დამითმო“… სხვათა შორის, თავის დროზე მძარცველებს ვერც კოზლოვსკი გადაურჩა. ერთხელ მისი ბინის კარზე ზარი გაისმა. დიდი მომღერლის კითხვაზე, ვინ არისო, ქალის მომხიბვლელმა ხმამ უპასუხა – თქვენი თაყვანისმცემელიო. აღელვებულმა მასპინძელმა კარი გააღო და… – მ.ბ.)

– მამიდაჩემი ელენე ვაჩნაძე ბოდბის  წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის იღუმენი გახლდათ (სასულიერო სახელი – ნინო). 1942 წელს მან სახელგანთქმული ვერცხლის ლამპადა მისახსოვრა. ეს ლამპადა მას კოტე მარჯანიშვილის დამ თამარმა აჩუქა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენი გახლდათ სასულიერო სახელით – ფამა. მას შემდეგ ტრადიციულად ლამპადას ყოველ კვირადღეს ვანთებდი. იმ დღესაც მენთო. ჩააქრეს ზეთი გადაღვარეს და წაიღეს…

წაიღეს მოოქროვილგვირგვინებიანი ფაიფურის ოთხი სამაგიდო ჩარჩო, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ირაკლი გამრეკელისა და ქალბატონ ელენეს დედის ფოტოები ეწყო. წაიღეს რუსეთის იმპერატორის ნაქონი ვარდისფერყვავილებიანი ლამპა, მწვანე მატერიის აბაჟური კი მოხსნეს და დატოვეს.

ირაკლი გამრეკელი – „სალომეა“

წაიღეს ალექსანდრე ჭავჭავაძისეული სერვიზის სამი თეფში და ორი ფინჯანი ლამბაქებიანად. 24 პერსონისათვის განკუთვნილი უნატიფესი ფაიფურის მდნარი ოქროსგვირგვინებიანი ეს სერვიზი ნინო ჭავჭავაძის საქოწილოდ მამამისმა პარიზში შეუკვეთა „M.REDONI“-ის ფირმას („სანამ ეს მოხდებოდა, სტუმრები მყავდა და იმ ჭურჭლით ყავა მივართვი. აულაგებელი ჭურჭელი მაგიდაზე დარჩა. ეტყობა, გვირგვინებმა მოსჭრათ თვალი“…). ქურდების ნადავლშია აგრეთვე დავით სარაჯიშვილეული სადილის სერვიზის ნაწილები. ეს გახლდათ „HAVILAND & C“-ის მარკის ლიმოჟის ფაიფური მდნარი ოქროს ქართული მონოგრამებით. წაიღეს ფაბერჟეს 7 კვერცხი თავისი ძეწკვებით.

მადაგახსნილმა „ვაჟკაცებმა“ კომოდის უჯრიდან ქალბატონ ელენეს ძვირფას სამკაულებიანი ზარდახშა ამოაღებინეს. ზარდახშაში ელაგა: ირაკლი გამრეკელის ნაქონი ოქროს ძვირფასი ბეჭედი ორი საფირონის თვლით, პლატინის ორი ძეწკვი ზურმუხტისა და საფირონის თვლებით, დედისეული ვერცხლის მოოქროვილი ბროში გვირგვინითა და მონოგრამით, ოქროს ჩარჩოში ჩასმული იტალიელი ოსტატის კანოვას მიერ ფაიფურზე ემალით მოხატული „სიქტეს მადონას“ ბროში („ერმიტაჟის დირექტორი, აკადემიკოსი ბორის პიოტროვსკი მემუდარებოდა, თუ ოდესმე შეელიო, ერმიტაჟის გარდა ნურავის მიჰყიდიო“… ერმიტაჟის კოლექციაში კანოვას სხვა ნამუშევრებიც არის და იმიტომ – მ.ბ.).

ქალბატონი ელენე დედის მხრიდან დეკაბრისტ მურავიოვის შთამომავალი გახლდათ. დეკაბრისტის ქალიშვილი, ელენა ალექსანდროვნა ქალბატონი ელენეს ბებია იყო. იმავე ზარდახშაში ელენა მურავიოვას ნაქონი 1920 წელს ფლორენციიდან ჩამოტანილი ოქროსჩარჩოიანი უძვირფასესი მოზაიკის ბროშისა და საყურეების კომპლექტიც იყო (ქალბატონი ელენე ბებიამისის იმ ფოტოს მიჩვენებს, რომელზედაც იგი სწორედ ამ კომპლექტით გახლავთ მორთული).

– 1935 წელს ირაკლი გამრეკელმა ელისაბედ ორბელიანისაგან 12 ბრილიანტის თვლით მოოჭვილი ზურმუხტის უძვირფასესი საყურეები შეიძინა. თავად ზურმუხტი დაწახნაგებული იყო და ბარე 5-6 კარატი იქნებოდა. როცა გამიჭირდა, ცალი საყურე აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის მეუღლეს მივყიდე, მეორე კი ბეჭდად გადავაკეთე. სხვათა შორის, იმ საყურეების პატრონი, ლიზიკო ორბელიანის წინაპარი თამარ ბაგრატიონი-გრუზინსკაია თავის დროზე საველი სორინმა სწორედ ამ საყურეებით მორთული დახატა. ის ბეჭედიც წაიღეს. ოქროს ქამარიც წაიღეს. ორი თითის სიბრტყისა იყო და ბალთას რომ შევიკრავდი, ბარე ერთი მეტრი კიდევ ქვემოთ ჩასთრევდა. წლების მანძილზე სწორედ იმ ერთმა მეტრმა გვარჩინა. კბილის ტექნიკოსებთან მიმქონდა. ისინიც პორციობით აჭრიდნენ და ყიდულობდნენ. ის „ზედმეტი“ ერთი მეტრი ასე გაილია და მხოლოდ ბალთიანი სარტყელიღა დარჩა.

ლადო გუდიაშვილი – „მწვანე ფერიები“

არის კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: წინა დღით ქალბატონმა ელენემ სამი სამგზავრო ჩანთით საზამთროდ შენახული თბილი ტანსაცმელი და პლედები გამოალაგა. ქურდებმა ჩანთები იატაკზე გადმოაპირქვავეს, ნაძარცვი ძვირფას პლედებში, მოქარგულ მაქმანიან ზეწრებში, ბალიშისპირებსა და საცვლებში გაახვიეს და ქალბატონ ელენესავე სამგზავრო ჩანთებით გაზიდეს. თავად მოხუცი კი სააბაზანოში ჩაკეტეს…   

იმ ძარცვის მერე ეს მარტოხელა ქალბატონი კეთილი ადამიანების შემყურე ცხოვრობდა. პურიც სჭირდებოდა, წამალიც და სხვა რამ დახმარებაც. დეკემბერ-იანვრის იმ საშინელი მოვლენების დროს მერაბ თაბუკაშვილმა, პროფესორმა გიოგი ნაცვლიშვილმა, დებმა ხუტულაშვილებმა უპატრონეს (ჩემი ვიზიტის დროს მერაბ თაბუკაშვილმა ბაზრიდან გამოუარა და პროდუქტები დაუტოვა). იმ ზათქსა და გრიალში როიალიც დაუზიანდა, „დეკა“ გაუსკდა, მაგრამ ბინა ძარცვას რომ გადარჩა, ღმერთს მადლობას სწირავდა. სახლი კი  დიდი რისკის ფასად მაინც არ მიატოვა – თუ ეს ყველაფერი დაიღუპება, დაე მეც დავიღუპოო. ოღონდ ეს აფხაზეთის ომი დასრულდეს,  ეგებ მაშინ მაინც დაადგეს საშველი დაკარგული ნივთების მოძიებასო.

 

მარინა ბუზუკაშვილი

 

P.S. ფიროსმანის „ირმები“ რომ ეკიდა, ცარიელი ჩარჩოს ქვეშ მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინო „ფიროსმანი“ და ფაიფურის თასით ნაძვის გირჩები ელაგა, ჩარჩოს ქვეშ კი ირაკლი გამრეკელის ნახატი ხმალმოწვდილი გიორგი სააკაძის გრაფიკული ესკიზი. სამწუხაროდ,  ჩვენს პირობებში დიდი სარდალი ვერაფერი „მცველი“ გამოდგა.

და კიდევ:  ზემოთნახსენები თამარ მარჯანიშვილის შესახებაც მინდა ავღნიშნო, რომ იგი სტალინური რეპრესიების დროს დაიჭირეს. გამწარებულმა კოტე მარჯანიშვილმა ანატოლი ლუნაჩარსკის შუამდგომლობა სთხოვა, უდანაშაულო იღუმენი დის გასათავისუფლებლად. მცდელობას არ დავიშურებო, შეპირდა „ნარკომი“. თუმცა, ერთ-ერთ წვეულებაზე  ლუნაჩარსკიმ მარჯანიშვილს ნირწამხდარმა უთხრა, სტალინი ვერაფრით დავიყოლიეო. თავზარდაცემულმა რეჟისორმა წვეულება მიატოვა, ტაქსში ჩაჯდა და  მწვავე ინსულტით გონდაკარგული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.