პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი პარლამენტში ინაცვლებს.
ორშაბათიდან საკანონმდებლო ორგანოში პრემიერობის ახალი კანდიდატისა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა იწყება. პროცესი დიდი ალბათობით ხმაურიანი იქნება. ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას მიიღებს და კითხვებსაც დასვამს, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას და მის გუნდს მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის პრემიერის შეცვლა ფასადური ცვლილებაა, რასაც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების ტონი პირადად ირაკლი კობახიძის, როგორც ყოფილი პარლამენტარის და ყოფილი კოლეგის მიმართ, განსაკუთრებით კრიტიკული ამჯერად არ არის. თუმცა, გლობალური გამოწვევების ფონზე ოპონენტები ახალი პრემიერისგან და განახლებული მთავრობისგან პოლიტიკის შეცვლას და ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ელოდებიან.