მხოლოდ ერთი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში.
ახალი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას თითქმის უცვლელად ტოვებს. თანამდებობას მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ტოვებს, რომელსაც დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა და ყრილობაა, სადაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ორივე სხდომას ესწრებოდა, თუმცა სიტყვით არ გამოსულა პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი. მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან იყო არაერთი მადლობა მისი მისამართით, განსაკუთრებული აქცენტი გუნდის ერთიანობაზე გაკეთდა. მთავარ ამოცანად კი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დასახელდა. რატომ წავიდა უკვე მეორედ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ერთი თვის წინ გამართულ ყრილობაზე მთავრობის მეთაურის შესაძლო შეცვლის გეგმა უარყვეს – მორიგი განმარტების გაკეთება დღეს თავად ექს-პრემიერ-მინისტრსაც მოუხდა.