ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ირაკლი კობახიძის განცხადების ადრესატების შეფასებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიას ადგილი არ აქვს. მათი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რუსი ტურისტი და რუსი ოკუპანტი ერთმანეთში ერევა და დღევანდელი საფრთხეების გათვალისწინებით, ვითარების წინა წლებთან შედარება რელევანტური არ არის.
როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, საზღვარზე რუსი ვიზიტორების კონტროლი, ქვეყანაში მათი შემოსვლის მოტივის დადგენა და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება აუცილებელია. ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ომის პროპაგანდა და მათი ოპონენტებისგან მტრის ხატის შექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად ხდება.
ოპოზიციის ნაწილი, კონკრეტულად „გირჩი“ კი რუსი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ კობახიძის კრიტიკას ეთანხმება. მისი თქმით, რუსეთთან უვიზო რეჟიმს დღეს ის პოლიტიკოსები აპროტესტებენ, ვისი ინიციატივითაც აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ რუსეთთან დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა.
მმართველი გუნდი კი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიის საფრთხეს ხედავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ოპოზიციის ნაწილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებს, რაც საზოგადოებაში ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ განწყობებს აღვივებს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და თუ უცხო ქვეყნის რომელიმე მოქალაქე კანონს, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.