„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, რუსთავში იმყოფებოდა. შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლისთვისაც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი პარტია ემზადება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, ათ რეგიონში შეხვდება.