არჩევნებამდე სამი დღით ადრე „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თავისუფლების მოედანზე. შეკრებას ქალაქიდან და რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მმართველი გუნდის ლიდერებმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. პარტიის ლიდერებმა „ქართული ოცნების“ მმართველობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ევროინტეგრაციასა და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. აქცენტები გაკეთდა ქვეყნის ომში ჩართვის საშიშროებაზეც. პარტიის წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ოპოზიციის განცხადებით, მთელმა საქართველომ ნახა, რომ მმართველი პარტია ადამიანების მობილიზებისთვის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, რომ ეს იყო მცდელობა ქართველი ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
დასკვნითი ღონისძიება შეაჯამეს მმართველი პარტიის წევრებმა. მმართველმა გუნდმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ღონისძიებაზე მოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს საზოგადოების ნდობა.