„ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილები - შეფასებები

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას კრიტიკა მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის ინტერესს ემსახურება. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობაში“ ივანიშვილის განცხადებას „ეროვნული სირცხვილი“ უწოდეს, მოსახლეობას კი 26-ს ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს პასუხობს უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: „მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. ნაცების ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ: არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ! ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!..“- წერს მდინარაძე.