საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლარიზაცია ღრმავდება.
ხელისუფლებაში მესამე ვადით მყოფი „ქართული ოცნება“ რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებზე ფსონს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე დებს. ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ყოფილი სახელისუფლებო გუნდის და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და პოლიტიკური სივრციდან გაქრობაა. სამართლებრივი პროცესის დაწყებას მმართველი პარტია არჩევნების დასრულებისთანავე აანონსებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრის დროს კი განსაკუთრებულ აქცენტს 2008 წლის ომზე აკეთებს. მიუთითებენ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებზეც, რომლებსაც საქართველოში ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი და რომლებიც წლებია, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და რამდენიმე მათგანი პოლიტიკურ თანამდებობებსაც იკავებს. რა ფორმით მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და სად წარიმართება პროცესი – პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სახით თუ საგამოძიებო უწყებებში – „ქართული ოცნების“ გუშინდელი განცხადების შემდეგ ამ კითხვამ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა.