„ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმა და გზავნილები

30-ვე ოლქში მმართველი პარტიის დელეგატების ვინაობა ცნობილია.

რეგიონების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რვა წარმომადგენელი თბილისში დაასახელა. ჩამონათვალში არიან ახალი სახეები, მოქმედი დეპუტატები და საკრებულოს წევრები. დელეგატებს შორის მოხვდნენ ცნობილი სპორტსმენებიც. პროპორციულ სიაში შეყვანილი დელეგატები კონკრეტულ ოლქებში საარჩევნო კამპანიას წარმართავენ და მომავალში პარლამენტში მითითებული ოლქების წარმომადგენლები იქნებიან. საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რისი საშუალებითაც ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის არ არსებობის პირობებში დელეგატების წარდგენის საშუალება მიეცა, კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზით მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ცდილობს. დელეგატების წარდგენას ოპოზიციური ძალები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. 2024 წლის ოქტომბერში, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება და ყველა დეპუტატი ერთიანი პარტიული სიიდან აირჩევა, თუმცა მარტში მმართველი გუნდის მხრიდან რეგიონების მოსახლეობასთან ბმის შენარჩუნების არგუმენტით ინიცირებულმა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დამტკიცებულმა ცვლილებებმა მოცემულობა გარკვეულწილად შეცვალა – პარტიას შეუძლია, რომ პარტიულ სიაში დეპუტატობის კანდიდატი კონკრეტული საარჩევნო ოლქის მცხოვრებთა დელეგატად განსაზღვროს.