„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ეხმაურება ბიძინა ვანიშვილს შესახებ, „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მიერ გავრცელებულ კვლევას.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.
ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. ეს ორგანიზაცია წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. 2013 წელს ქონებრივი დეკლარაციის შევსებით ივანიშვილმა, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს „საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე“, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს“.