არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საქმიანობის შესახებ „ქართული ოცნების“ კვლევის შედეგები განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის განცხადებით, კვლევამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო და მედიასაშუალებები, რომლებიც გარე წყაროებიდან ფინანსდებიან, არ არიან გამჭვირვალე და საზოგადოება დარწმუნდა, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურება სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ არასამთავრობო სექტორის და კრიტიკული მედიის გაჩუმებაა. შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგები გუშინ გახდა ცნობილი, რომელიც მედიას „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ გააცნო. კვლევის შედეგები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორისაა გრანტებისა და პროექტების შესახებ ცნობები, ვებგვერდი და ინფორმაცია დონორებზე. კვლევის მიხედვით, ჯამში 474 ორგანიზაციიდან 241-ს არ აქვს საკუთარი ვებგვერდი. 89%-ს არ აქვს პროექტებზე მონაცემები წარმოდგენილი. 97%-ს კი არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. კვლევის მიხედვით, აღნიშნული 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვას აქვს ყველა კომპონენტთან დაკავშირებით მონაცემი გასაჯაროებული.