მესამე სექტორის გამჭვირვალობის საკითხის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება.
უთანხმოება მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო გააღრმავა. საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა მონაცემებს, რომლის მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა დაფინანსების, დონორების და პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და მათ დიდ ნაწილს ვებ-გვერდიც კი არ გააჩნია. მონიტორინგი იმ ორგანიზაციებს შორის ჩატარდა, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით დადგენილი წესების დაცვას არ აპირებენ და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებასა და შემოსავლების დეკლარირებაზე უარს ამბობენ. კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაკეთებული განცხადებები ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ მესამე სექტორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის საქმიანობაზე და უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების მიზნებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ცალკეულ ორგანიზაციებს განმარტებების გაკეთება დასჭირდათ.