გორში ნათქვამმა სიტყვებმა დეოკუპაციის გეგმა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის საკითხი გაააქტიურა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებას პოლიტიკური მღელვარება მოჰყვა. საუბარია გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე საუბრობდა. მმართველი გუნდის ლიდერები განმარტავენ, რომ ბოდიშის ადრესატებად პარტიის დამფუძნებელმა ეთნიკური ოსები იგულისხმა და არა რუსეთი ან ომის დანაშაულის ჩამდენი სეპარატისტები, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები განცხადების ადრესატად მხოლოდ რუსეთს მიიჩნევენ. „ქართული ოცნება“ კრიტიკის საპასუხოდ ოპონენტებს საკუთარ სამშვიდობო პოლიტიკას ახსენებს და მიუთითებს, რომ ბოდიში აფხაზებთან და ოსებთან შერიგების, მშვიდობის დამყარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარია. თუმცა ოპოზიციური სპექტრისთვის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადება სრულიად სხვა შინაარსის მატარებელია. ოპონენტების რიტორიკაში ხელისუფლებამ კონკრეტული მიზნები ამოიკითხა.