„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება

რვაწლიანი თანამშრომლობის დასასრული. დღეიდან „ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტთა პარტიის“ წევრი აღარ არის.

მმართველმა გუნდმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთში გამართული კონსერვატიული მოქმედების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას „სოციალისტების“ მხრიდან მწვავე რეაქცია და თანამშრომლობის გადახედვის დაანონსება მოჰყვა. თუმცა, როგორც ირკვევა, ურთიერთობაში ბზარი ახლა არ გაჩენილა. მმართველი პარტიის ლიდერები „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მათი მისამართით მხარდამჭერი განცხადებების არ არსებობას და საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელ იმ მწვავე რეზოლუციებს ახსენებენ, რომელსაც „სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წევრებიც შეუერთდნენ.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მძიმე რეაქციები მოჰყვა ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ „ევროპის სოციალისტთა პარტიიდან“ „ქართული ოცნების“ გარიცხვა გადაწყვეტილი იყო.